სტომატოლოგის რჩევები

პირის  ღრუს ჰიგიენა

-  მნიშვნელოვანია პირის ღრუს ზოგადი ჰიგიენის დაცვა. გახსოვდეთ, კბილების გაწმენდა უცილებელია დღეში ორჯერ - დილით, საუზმის შემდეგ და საღამოს, ძილის წინ. კბილების წმენდა უნდა გრძელდებოდეს 2-3 წუთი.

- კბილის ჯაგრისის ჯაგრულები სასურველია იყოს სინთეტიური, რაზედაც ნაკლებია მიკრობებისა და ბაქტერიების დაგროვების შანსი. გამოყენების შემდეგ ჯაგრისი ირეცხება და ინახება თავღია მდგომარეიბაში, ჯაგრულებით ზემოთ. ჯაგრისის განახლება ხდება 2-3 თვეში ერთხელ, რადგან გაცვეთილი ჯაგრულებით ვერ ხორციელდება კბილების სათანადო წმენდა.

-ასევე კომფორტულია ელექტრო-ჯაგრისების გამოყენება, იგი თავად ახორციელებს სათანადო მოძრაობებს და მიუდგომელი ადგილებიდანაც იღებს კბილის ნადებს.

- პირის ღრუს მოვლის არომატული სავლები საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ფტორს, კალციუმს და კბილის ქსოვილებისათვის აუცილებელ სხვა კომპონენტებს, პროფილაქტიკურ საშუალებად უფრო ჩაითვლება და კბილების გახეხვის ალტერნატივას არ წარმოადგენს.

- ფლოსის (კბილის ძაფების) გამოყენება მნიშვნელოვანია კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისათვის. კბილთა შორის ადვილად გროვდება საკვების ნარჩენები, სანაცია ჩვეულებრივი ჯაგრისით ვერ ხორციელდება, დროთა განმავლობაში ამ უბნებში ხდება მიკრობების გამრავლება, რაც ღრძილების ანთების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ფლოსი ადვილად აღწევს კბილთა შორის და გამოდევნის იქ არსებულ საკვების ნარჩენებს.

ფლოსით კბილების გაწმენდა ფლოსით

ფლოსის გამოყენება ძალიან მარტივია, სასურველია, პროცედურა ჩატარდეს სარკის წინ. მოწყვიტეთ 20-25 სმ. კბილის ძაფი, ერთი ბოლო მარჯვენა საჩვენებელ თითზე, ხოლო მეორე - მარცხენაზე დაიხვიეთ, მათ შორის დაშორება 5 სმ. უნდა იყოს. ფაქიზად ჩასვით  ძაფი კბილებს შორის და გაატარეთ, შემდეგ გადადით სხვა კბილებზე.

- საღეჭი რეზინები ვერ შეცვლის კბილის გახეხვის პროცედურას, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მათი გამოყენება საზიანოა კბილებისათვის, მთავარია, საღეჭი რეზინა არ იყოს შაქრის შემცველი და მათი მოხმარება არ აღემატებოდეს 15-20 წთ-ს.

- აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ ეწვიოთ თქვენს სტომატოლოგს და ჩაიტაროთ კბილების პროესიული გაწმენდა, რაც გულისხმობს კბილებიდან რბილი და მაგარი ნადების მოცილებას. არსებობს კბილების პროფესიული წმენდის ორი - მექანიკური და უკონტაქტო  მეთოდი, რასაც პაციენტი ირჩევს ექიმთან შეთანხმებით.

ექიმი-სტომატოლოგი მ. გორელაშვილი

 

ორთოპედის რჩევა

- კარგად შესრულებული ორთოპედიული ნამუშევარი (გვირგვინი, ხიდი, ვინირი, მოსახსნელი პროთეზი) უნდა აკმაყოფილებდეს  ესთეტიურ მოთხოვნას, ექვემდებარებოდეს სრულყოფილ წმენდას, არ იწვევდეს ღრძილების ფერშეცვლას, სისხლდენას და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.

- კბილთა შორის უნდა აღინიშნებოდეს სათანადო კონტაქტი და არ უნდა იჭედებოდეს საკვები. თუ ფლოსი, კბილების ძაფი კბილებს შორის ადვილად ჩადის, იჩეჩება ან საერთოდ არ ტარდება, ეს ნიშნავს, რომ ნამუშევარი სრულყოფილად არაა შესრულებული და გირჩევთ მის თავიდან გაკეთებას.

- კბილების ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მათი დროული აღდგენა. პირის ღრუში დარჩენილი კბილები დროდადრო დეფექტის მხარეს გადანაცვლდება, ამავდროულად ხდება მათი ცვეთა და გადატვირთვა ღეჭვის დროს, რაც თავის მხრივ კბილების ვადაზე ადრე დაკარგვას განაპირობებს.

- ხშირად უკბილობა  პირდაპირ კავშირშია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ დაავადებებთან, რადგან უკბილობის გამო ვერ ხდება საკვების სრულყოფილი დაქუცმაცება. ამას თან ახლავს ყბის ძვლის განლევის დაჩქარებაც, რაც სამომავლოდ კბილების აღდგენისა და პროთეზის ფიქსაციისთვის არასაიმედო გარემოს ქმნის. გახსოვდეთ, დროული პროთეზირებით (გვირგვინები, ხიდები, ბიუგელები...)  ხანგრძლივი ვადით ვინარჩუნებთ პირის ღრუში დარჩენილ კბილებს.

 

                                                                              ექიმი სტომატოლოგი - ი. ჟორჟოლიანი

ორთოდონტის რჩევა

- კბილების არასწორი დგომა, კბილთა მწკრივის დარღვევა და მათი არასწორი შეთანასოვნება ესთეტიურ დეფექტთან ერთად იწვევს მთელ რიგ გართულებებს:

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები (ანთება, ტკივილი, ხმაური პირის გაღების, ღეჭვისა და მეტყველების დროს);     

- კბილთა პათოლოგიური ცვეთა;

- ღრძილების ანთება;

- კარიესისა და  მისი გართულებების მაღალი რისკი (პულპიტი, პერიოდონტიტი).

ამ პრობლებების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმი ორთოდონტის დროულ ჩარევას მკურნალობის თვალსაზრისით.

- ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ღრუს სანაცია (კბილების პროფესიული გაწმენდა), რათა აპარატის ფიქსაცია სუფთა პირის ღრუში მოხდეს.

- სასურველია კარიესული კბილების მკურნალობა - დაბჟენა, რადგან მოუხსნელი აპარატით მკურნალობის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში, ექიმისათვის მიუდგომელი არ გახდეს კბილის დაზიანებული უბანი.

- ყოველთვის არაა აუცილებელი რკალგარეშე მდგომი კბილების ამოღება, ექსტრაქციის გარეშეც შესაძლებელია კბილთა მწკრივის ჩასწორება.

და ბოლოს, დიდი მნიშვნელობა აქვს ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას, კბილების ხშირ გამოხეხვას პეციალური ორთოდონტიული ჯაგრულებით.

 

                                              ექიმი სტომატოლოგი, ორთოდონტი -  ნ. კომახიძე

მშობლების საყურადღებოდ!

თანამედროვე  სტომატოლოგია საშუალებას იძლევა  თქვენს პატარას დროულად აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება -  ყოველგვარი ფსიქო-ემოციური დაძაბულობის გარეშე. 

-  ეცადეთ, ბევრი ესაუბროთ ბავშვს იმაზე,  რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნოა და ისეთი საშიში არა, როგორც ამას ბავშვები აღიქვამენ. 

-  პატარაობიდანვე შეაჩვიეთ პირის ღრუს ჰიგიენას, დააინტერესეთ  იგი ფერადი ჯაგრისებითა და სხვადასხვა არომატის მქონე საბავშვო კბილის პასტებით. 

- არ იფიქროთ,რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება, ეს ხომ პირდაპირ კავშირშია ჯანსაღი მუდმივი კბილების ამოჭრასთან. 

- ყოველ 3 თვეში ერთხელ გამოყავით დღე, რომელსაც დუთმობთ ბავშვთა სტომატოლოგთან ვიზიტს, თუნდაც არცერთი კბილი არ საჭიროებდეს მკურნალობას, რათა ბავშვს გაუჩნდეს ექიმის ნდობა და სიყვარული სამომავლოდ. 

- არასოდეს დააშინოთ ბავშვი ექიმით. გახსოვდეთ, მოზარდის შეხედულებებს სტომატოლოგიასთან დაკავშირებით გარკვეულწილად განსაზღვრავს თავად მშობელი. 

<< უკან

ტელ: (995 32) 2-635-935; (995 32) 2-655-835. E-mail: dentart2005@gmail.com