ორთოდონტია
რა განსხვავებაა ბრეკეტსა და მოსახსნელ ფირფიტას შორის?
- ბრეკეტი ბევრად კომფორტულია პაციენტისთვის, მაგრდება მხოლოდ კბილის ზედაპირზე, მოსახსნელი ფირფიტების ძირითადი საფიქსაციო ნაწილი კი ლორწოვანზეა მოთავსებული. ბრეკეტით სასურველი შედეგი მიიღწევა ბევრად უფრო მალე, ვიდრე მოსახსნელი ფირფიტების შემთხვევაში. ამასთანავე, ყველა სახის ანომალიის გასწორება მხოლოდ ბრეკეტებითაა შესაძლებელი.
აზიანებს თუ არა ბრეკეტი კბილს?
- ბრეკეტი კბილის მინანქარს არ აზიანებს, რადგან მის საფიქსაციოდ კბილის ქსოვილი არ მუშავდება.
რა ასაკიდან ვეღარ გასწორდება კბილები?
- კბილები სწორდება ყველა ასაკში.
რა დრო სჭირდება ბრეკეტით კბილების გასწორებას?
- 7 თვიდან 2 წლამდე, გააჩნია შემთხვევას.
რატომ მჭირდება რეტეინერი მკურნალობის შემდეგ?
- მიღებული შედეგის შესანრჩუნებლად, გარკვეული დროით, აუცილებელია რეტეინერის ფიქსირება, რათა კბილები არ დაუბრუნდნენ უწინდელ მდგომარეობას. რეტეინერი მაგრდება წინა 6 კბილზე შიგნიდან და არ ჩანს.
ორთოპედია
რა უპირატესობა აქვს უმეტალო- კერამიკას?
- უმეტალო კერამიკა მზადდება ცირკონის ოქსიდის საფუძველზე და გამოირჩევა მაღალესთეტიურობით. უმეტალო კერამიკული გვირგვინი ატარებს სინათლის სხივს, უფრო მსუბუქი, მტკიცე და ბიოშეთავსებადია.
ხომ არ იწვევს გადაკრული კბილი ღრძილის გაშავებას და დაზიანებას?
- გადაკრული გვირგვინი არ უნდა იწვევდეს ღრძილის ფერის შეცვლას (გაშავება, გალურჯება, გაწითლება, უსიამოვნო სუნი და გემო), ღრძილის ფერის ცვლილება მანიშნებელია იმისა, რომ გვირგვინი კბილზე სათანადოდ არაა მორგებული და საჭიროებს განმეორებით დამზადებას.
მართალია, რომ ნეილონის პროთეზი არ ტყდება და მასთან შეგუება ადვილია?
- დიახ, ნეილონის პროთეზი არ ტყდება ელასტიურობის გამო, იგი მსუბუქია, უფრო თხელია, ვიდრე პლასტმასის პროთეზი, არ აქვს კლამერები (მავთული) და მასთან შეგუება გაცილებით ადვილია.
მოსახსნელი პროთეზი მოძრაობს პირის ღრუში და არ ფიქსირდება, რისი ბრალია?
- მოსახსნელ პროთეზს მიკრო მოძრაობა ახასიათებს,მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძლიერად გამოხატული. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმმა გაითვალისწინოს ყველა წვრილმანი, რაც ხელს შეუწყობს პროთეზის ფიქსაციას.
თერაპია
რა იწვევს ღრძილების ანთებას?
- ღრძილების ანთებას ძირითადად იწვევს: არასწორად დადებული ბჟენი, ცუდად მორგებული გვირგვინი, კბილებზე არსებული ქვები და რბილი ნადები (რაც გამოიხატება ღრძილებიდან სისხლდენით და უსიამოვნო სუნით პირის ღრუში).
საზიანოა თუ არა კბილების გაწმენდა სტომატოლოგთან?
- საზიანო არ არის, პირიქით, აუცილებელია, რადგან კბილის ქვა და ნადები უარყოფითად მოქმედებს კბილებსა და ღრძილებზე. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ კბილების პროფესიული გაწმენდა უნდა ხდებოდეს მინიმუმ 6 თვიანი ინტერვალით.
ორსულობის დროს შეიძლება ნემსის გაკეთება და რენტგენის გადაღება?
- გაუტკივარების თვალსაზრისით, საყურადღებოა ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვე. ამ დროს უნდა მოხდეს ისეთი ტკივილდამაყუჩებელი პრეპარატის გამოყენება, რითაც გართულების რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
რაც შეეხება რენტგენს, ორსულობის დროს რენტგენის სურათის გადაღება მიზანშეწონილი არ არის, მას მიმართავენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც, დამცავი წინსაფრების გამოყენებით. რაც შეეხება ჩვენს კლინიკაში არსებულ სადიაგნოსტიკო საშუალებას RVG (ციფრული რადიო ვიზიოგრაფი) - იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ორსულებსა და ბავშვებში.
რატომ გამოიყენება თქვენს კლინიკაში მხოლოდ ჰელიო-ბჯენი?
- ჰელიო-ბჟენი ქიმიურად უკავშირდება კბილის ქსოვილს და მისი ამოვარდნის ალბათობა მცირეა, ასმასთანავე, ჰელიო-ბჟენის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია კბილს მივცეთ სასურველი ფერი და ფორმა.
რამდენ ხანს გრძელდება კბილების გათეთრების ეფექტი?
- ეფექტი გრძელდება 2-5 წელი, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, თუ რამდენად იცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენას და როგორი ცხოვრების წესს ეწევა იგი.
ბავშვთა სტომატოლოგია
სარძევე კბილის მკურნალობა აუცილებელია? ის ხომ მაინც უნდა მოიცვალოს ბავშვმა?
- სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია, რადგან ისინი ხელს უწყობენ ზედა და ქვედა ყბის ნორმალურ განვითარებას. სარძევე კბილის ფესვი მდებარეობს მუდმივი კბილის ჩანასახთან ახლოს და მისი დაზიანებისას, ხშირად ზიანდება მუდმივი კბილის ჩანასახიც. სარძევე კბილის ნაადრევი ამოღება იწვევს მუდმივი კბილის ასევე ნაადრევ ამოჭრას არასწორი მდებარეობით.
რა ასაკში ამოსდის ბავშვს პირველი მუდმივი კბილი და რომელია ის?
- პირველი მუდმივი კბილი ეს არის მე-6 კბილი, იგი ამოიჭრება 6 წლის ასაკიდან და უმეტეს შემთხვევებში ძალიან მალე ზიანდება. მშობელს დიდი ყურადღება მართებს, რათა არ გამოეპაროს მისი მცირედი დაზიანებაც კი. უნდა გვახსოვდეს, მე-6 კბილი მუდმივი კბილია და მას ბავშვი არ მოიცვლის.
გამოგვიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები: